ზურაბ ზვიადაურმა დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა:

ზურაბ ზვიადაურმა დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა: "ეს იყო აუცილებელი მოგერიება..."

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურმა დუმილი პირველად ცოტა ხნის წინ ადვოკატთან დაარღვია. ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

„ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს. იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მართლზომიერად მოქმედებდა და თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა, რათა გადაერჩინა თავისი სიცოცხლე და თავისი ძმის სიცოცხლე.

მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და ეს იყო აუცილებელი მოგერიება. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მისული იყო იმის გამო, რომ ძმა გამოეყვანა. 

თვითონ საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელს, ის იყო მისული იმიტომ, რომ თავისი ძმა გამოეყვანა იქედან, შარს აერიდებინა, მაგრამ ვერ მიუსწრო და ვერ შეძლო, მისვლა დაუგვიანდა, იმიტომ, რომ თავდამსხმელი უკვე ავტომატურ იარაღს ისროდა“, – განაცხადა ადვოკატი კახა ცნობილაძემ.

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურსა და მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ორივე ბრალდებული თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ბრალის წარდგენის შემდეგ, საქმე განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეცემა.