ავღანეთის თავდაცვის მინისტრი ინტერპოლისგან აშრაფ ღანის დაკავებას ითხოვს ბისმილა ხან მოჰამადი

ავღანეთის თავდაცვის მინისტრი ინტერპოლისგან აშრაფ ღანის დაკავებას ითხოვს ბისმილა ხან მოჰამადი

ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბისმილა ხან მოჰამადიმ ინტერპოლს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის დაკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გენერალი მოჰამადი Twitter-ზე წერს.

„აუცილებელია, რომ სამშობლოს გამყიდველები სათანადოდ დაისაჯონ“, - წერს მოჰამადი.

რამდენიმე საათის წინ ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იმყოფება.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.