აჭარასა და თბილისში სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები უკვე ამ კვირიდან უნდა დავინახოთ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.
„დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა, თუმცა ეს ჩვეულებრივი „სამშაბათის ეფექტია“, როდესაც კუმულაციური რაოდენობა გვაქვს იმ შემთხვევების, რაც კვირას არ დადასტურდა. ამას ემატება ორშაბათი და ჯამურად რომ განვიხილოთ, ამ ორი დღის საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 4500. ეს მიჰყვება იმ ტენდენციას, რომელიც იყო ბოლო დღეების განმავლობაში. 4500-5000 შემთხვევა, ბუნებრივია, ძალიან ბევრია. ამ კვირიდან უნდა დავინახოთ შეზღუდვების ეფექტი და სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აჭარასა და თბილისში მაინც“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.