ეკატერინე ტიკარაძე: პიკს გავდივართ, საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება

ეკატერინე ტიკარაძე: პიკს გავდივართ, საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება

საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკა მზარდი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელია, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის ეს ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ ისევ მზარდი იქნება.

„დღეს გვაქვს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა. მათი უმეტესობის ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე.

ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით თბილისში ინფექციის გავრცელების საკმაოდ მაღალ სიჩქარეს, რაც პირველ რიგში უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული მიგრაციიდან გამომდინარე ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში და შემდეგ ბრუნდებოდნენ თბილისში, მათ საცხოვრებელ ადგილებში.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეგიონების დონეზე. დღეს თბილისში 3 ათასზე მეტი პაციეტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, 900-მდე აჭარაში, 1000-მდე პაციენტი - იმერეთში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. „ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ შევძლოთ ინფექციის მართვა და არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია ინტენსიური პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნავ ჯანდაცვის მინისტრმა.