შალვა პაპუაშვილი:  გახარიას

შალვა პაპუაშვილი:  გახარიას "ოცნებასთან" სასაყვედურო არაფერი აქვს, "ქართულ ოცნებას" კი მის მიმართ ბევრი საყვედური აქვს

დღეს ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია - რა თქმა უნდა, როცა ქვეყანას თვეების განმავლობაში ყალბი კამპანიით აჯანჯღარებ, ამას მოსახლეობა ხედავს და სათანადოდ აფასებს, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, მარგინალიზებულია მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც არანაირი საარჩევნო კამპანია არა აქვს.

"ჩანს, რომ ჩვენი ოპონენტები ადგილობრივი არჩევნებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან. მათ არ გააჩნიათ შინაარსობრივი გეგმა და ამომრჩეველს ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობენ. არ ჰყავთ კანდიდატებიც კი - ვერ ითანხმებენ ადამიანებს, რომ იყვნენ მათი მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და მისი პარტიის საარჩევნო შანსებს, პაპუაშვილის თქმით, გახარიას აქტივობის შინაარსი ნულია.

"ვხედავთ, ოფისების გახსნას, მუდმივ კინკალობას თავის ყოფილ გუნდთან, რაღაცა საკითხების წამოძახებას, ტერმინების მიკერებას, "პარტიულ ბოსებზე" საუბარს. არ მგონია, ეს მისი მხრიდან ღირსეული საქციელი იყოს. გახარიას "ქართულ ოცნებასთან" სასაყვედურო არაფერი აქვს, "ქართულ ოცნებას" კი მის მიმართ ბევრი საყვედური აქვს. არ მგონია, მისი ზედაპირული განცხადებები მოსახლეობისათვის საინტერესო იყოს. გიორგი გახარიას გააქტიურების მთავარი მიზანი "ქართული ოცნების" დაზიანება და ამომრჩევლების წართმევა იყო. მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და ე.წ. 43%-იანი ბარიერი აღარ არსებობს, გახარიას პარტიამ ეს შინაარსიც დაკარგა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.