პანდემიის გამო, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებულ მასობრივ შეკრებებზე უარის თქმას გეგმავს

პანდემიის გამო, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებულ მასობრივ შეკრებებზე უარის თქმას გეგმავს

„როდესაც არ იყო კოვიდი, ჩვენ გვქონდა პრეცედენტები, როცა 10-ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ჩვენს წინასაარჩევნო ღონისძიებებზე. შარშან, ჩვენ ამაზე ვთქვით უარი. ალბათ, წელსაც მივიღებთ მსგავს გადაწყვეტილებას, რომ ასეთი მასობრივი შეკრებები, წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით, არ იქნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ის ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივაში.

„აქამდეც, რეგულაციების გარეშეც, ამას ყველა წესის დაცვით ვმოქმედებდით, დისტანციის დაცვით და მაშინაც, როცა ღია სივრცეში პირბადე სავალდებულო არ იყო, თითოეული ჩვენგანი ვიყენებდით პირბადეს. ანუ, რეგულაციების გარეშეც ვიცავდით წესებს. შესაბამისად, ჩვენი მიგდომა იქნება პასუხისმგებლიანი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების თანამშრომლები მოსახლეობას ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

ორ თვეზე ნაკლებ დროში, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 3 აგვისტოს დაიწყო.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი.

საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.