დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოპოვების იმედს მოსახლეობის ის განწყობა და დამოკიდებულება აძლევს, რასაც ყოველდღიურად აწყდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირადად ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისში არსებულ გამოწვევებსა პრობლემებს ღირსეულად უპასუხოს.
„ხედავთ, რომ უამრავ ადამიანთან გვაქვს შეხვედრა, კომუნიკაცია, ვახორციელებთ პროექტებს. ეს განწყობა და დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოგვიწევს ქალაქზე ზრუნვა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი და 4 წლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვიცი, რას ნიშნავს გამოცდილება და რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ქალაქის ხელმძღვანელობა. გულწრფელად გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებ, 24-საათიანი მუშაობით, რომ იმ გამოწვევებს, პრობლემებს, რომელიც ამ ქალაქში წლებია არსებობს, ღირსეულად ვუპასუხოთ, ისეთი მაგარი პროექტები განვახორციელოთ, რომ თბილისში მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, იამაყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა საარჩევნო ბანერებზე და ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების განთავსებაზე მილიონი ლარი დაიხარჯა. კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიის ჩატარება გულისხმობს, როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებს, ასევე ბანერების განთავსებას.
„საარჩევნო კამპანია არის იმისთვის, რომ ყველაფერი გამოიყენო - მათ შორის, ბანერების გაკვრა, კომუნიკაცია ხალხთან და ყველა რესურსის ამოქმედება, რომ მოსახლეობას აუხსნა, რატომ უნდა გენდოს და იყოს შენი მხარდამჭერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. არ ჩავატარო საარჩევნო კამპანია?! მგონი, ამაზე აპელირება სწორი არაა. სანამ კამპანია დაიწყებოდა, ჩემს ბანერს ვერ ნახავდით ქუჩაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.