ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღმართული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი, როდესაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია და ოკუპაცია.
„მე აქ მოვედი, რომ პატივი მივაგო გმირების ხსოვნას და ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც არ დაუშვა რუსული აგრესია და საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. დღეს ამავე დროს არის დიდი პასუხისმგებლობის დღე, ის საქმე, რომელსაც ჩვენი გმირები შეეწირნენ, ჯერ არ დასრულებულა, საქართველო ჯერ კიდევ არის ოკუპირებული და არ ვართ ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ დღევანდელი დღე უნდა გვახსენებდეს პასუხისმგებლობას, რომ მუდმივ ერთმანეთის ჭამასა და ჩხუბში, ქვეყანაში არსებობს ღირებულებები, სადაც უნდა შევძლოთ ერთად დადგომა. როდესაც საქმე შეეხება საქართველოს მომავალს, დეოკუპაციას და ჩვენი გმირების ხსოვნას, ეს უნდა იყოს თემები, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ გვერდზე გადავდოთ დაპირისპირება და დავდგეთ ერთად, რადგან ერთიანობა არის ყველაზე დიდი ძალა საქართველოსი, რომელიც დაასრულებს რუსულ ოკუპაციას და ბოლომდე მიიყვანს იმ საქმეს, რასაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე შესწირეს”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ