ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„განრისხებული ყოფილა თურმე მეხისმტყორცნელი ზევსი.
გუშინ ოლიმპზე ცხრავე ქალიშვილი წვევია- მუზები.
დედა- ტიტანიდი მნემოსინეც თან ხლებიათ.
მწარედ ჩიოდნენ თურმე, რადგან აღარ აქვთ საქართველოში წმინდა ტაძარი-მუსეიონი.
არ ჩატარდა ,,ლიტერას'' რიტუალი, რომლის დროსაც რჩეულებს ეწვეოდნენ და ღვთაებრივს აზიარებდნენ.
მწარედ ქვითინებდა კალიოპა-თავგანწირვისა და პატრიოტიზმის მუზა, რადგან ბუღაძეს ვეღარ შთააგონებს ეპიკურ ნაწარმოებებს და გმირობისკენ ვეღარ უბიძგებს.
ტალიას ამაზე სიცილი დაუწყია, რაზეც მელპომენა გაბრაზებულა და მორის ტორესის ტრაგედია მოუყოლია მამისთვის.
ზევსს დანარჩენი ქალიშვილებისთვისაც მოუსმენია და გადაუწყვეტია წულუკიანი ლაოკოონივით დასაჯოს.
ამისთვის ათენასთვის პოლიტიკური სერპენტარიუმის გააქტიურება უბრძანებია.
და აი, ქვეწარმავლების მთელი არმია დადგა მუზების სადარაჯოზე.
გამოდიან და გამოდიან კრეტინიზმის უსაზღვრო ოკეანიდან.
აბა რა!
რამდენ გოეთეს, დანტეს, გალაკტიონს და ჰომეროსს გადაუკვნიტა თეა წულუკიანმა მუზებთან კონტაქტი, რამდენი ადამიანი დააცილა ღვთაებრივ სამყაროს!
როგორ შეიძლებოდა მუზების მსახური ნაცების ბიუჯეტის ფულის გარეშე დატოვება?
ამით ხომ მუზებთან კავშირი წყდება.
ამიტომ ის უნდა დაგესლონ, როგორც ლაოკოონი, პოსეიდონის ტაძრის ქურუმი, ტროელები რომ ტროას ცხენის შესახებ გააფრთხილა და შუბიც კი სტყორცნა მას.
ღმერთების ნებას კი ვერავინ გადაუვა. ეს კარგად იციან მუზების სხვა მსახურებმა, დგანან და უყურებენ ქვეწარმავალთა მიერ პარნასის ბინადართა დაცვის პროცესს, თან ერთმანეთს ლექსებს უკითხავენ- ერატოს და ევტარპას ემსახურებიან.
ნამდვილი მუზების მსახური ხომ შუაშისტი უნდა იყოს“.