ზურაბ აბაშიძე: რუსეთი ჯერჯერობით რეალურად არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაში

ზურაბ აბაშიძე: რუსეთი ჯერჯერობით რეალურად არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაში

რუსეთი ჯერჯერობით რეალურად არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაში, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას, საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნის თაობაზე.

„რუსეთი ჯერჯერობით რეალურად არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაში. ამ დაინტერესებას ჩვენ დავინახავთ მაშინ, როდესაც მოსკოვი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, საერთაშორისო ნორმების პატივისცემისა და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.