ეს ყველაფერი არის სავარაუდო, რასაც ISFED-ი ლაპარაკობს, მე ვიცი ზუსტი ფაქტი - ის, რომ პარალელური არჩევნები გააყალბეს კონკრეტულმა ადამიანებმა, - ასე პასუხობს ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პარლამენტის ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი.
ვოლსკის განცხადებით, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდას უზრუნველყოფს.
"სიტყვა სავარაუდო არის ყურადსაღები, მნიშვნელოვანი, რადგან ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ იქნას დაშვებული, რომ სავარაუდო ფაქტობრივად იქცეს. პატივს ვცემ ასეთ შეხსენებას, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ, რომ სავარაუდო არის ერთი და ფაქტი, რაც ჩაიდინეს კონკრეტულმა ადამიანებმა - გააყალბეს პარალელური არჩევნები და ეს ფაქტი გახდა ერთ- ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ყოფილიყო ფიზიკური შეჯახებები, მათ შორის, ცესკო- სთან. ამ სიტუაციას ხელი შეუწყეს კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებმაც ახლა, რამდენიმე თვის წინ აღიარეს, რომ პარალელური დათვლა არასწორად იქნა გაკეთებული და ეს იყო რაღაც ტექნიკური შეცდომა, რომლის გასწორებასაც თურმე 2 თვე მოუნდნენ, აცადეს ასეთი აგრესიის, შეტევების განვითარება და მერე თქვეს, როცა ეს არ გამოვიდა, დღემდე არ ასახელებენ კონკრეტულ უბნებს, სამაგიეროდ, კანონში მივიღეთ ცვლილება, როცა 10- პროცენტიანი გადამოწმება გახდება აუცილებელი იმის მიუხედავად, პარალელურ დათვლას ჩაატარებენ თუ არა და ეს უზრუნველყოფს არჩევნების მიმართ მეტ ნდობას", - განაცხადა ვოლსკიმ.