ნაცვლად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტს სტაბილურობა უზრუნველეყო, პოლიტიკურ ველზე გამოყენებულ იქნა დამატებით მექანიზმად, რათა დესტაბილიზაციისა და რევოლუციური განწყობების სტრატეგია განვითარებულიყო

ნაცვლად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტს სტაბილურობა უზრუნველეყო, პოლიტიკურ ველზე გამოყენებულ იქნა დამატებით მექანიზმად, რათა დესტაბილიზაციისა და რევოლუციური განწყობების სტრატეგია განვითარებულიყო

ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცვლად იმისა, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს სტაბილურობა უზრუნველეყო, პოლიტიკურ ველზე გამოყენებულ იქნა დამატებით მექანიზმად იმისთვის, რომ დესტაბილიზაციისა და რევოლუციური განწყობების სტრატეგია განვითარებულიყო, - აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ისეთი ვითარება იქნება, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი გადაწყვეტს.

"არავინ დარჩება გულგრილი იმის მიმართ, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა და პერსპექტივა ჰქვია, მით უფრო პანდემიის საშიში გავრცელების პირობებში. ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური თვითშეგნება და პოლიტიკური კულტურა გაცილებით მაღალია და მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ პოლიტიკური სუბიექტების სურვილებს, რომლებიც საქართველოში მდგომარეობის შერყევას ცდილობენ. გამომდინარე აქედან, საზოგადოება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ სუბიექტებზე გაიმარჯვებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაში გაწერილ რიგ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება.

"ბოლომდე მისაყვანია სასამართლო რეფორმა. იქნება მსჯელობა პარლამენტის კომიტეტების გადანაწილების თემაზე, რაც მსოფლიოში პოზიტიური პრაქტიკაა, მაგრამ თუ ამან შედეგი არ მოიტანა და სიტუაციის უფრო არევის მიზანს ემსახურება, არ მგონია, ამაზე ვინმეს პოზიტიური შეხედულება ჰქონდეს - იქნება ეს ჩვენი მოქალაქე თუ აშშ-ს ელჩი", - დასძინა გია ვოლსკიმ.

ამასთან ვოლსკის თქმით, ნულოვანი იმედი აქვთ იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია უახლოეს პერიოდში პოლიტიკური კულტურის იმ ხარისხს შეიძენს, როცა შეიძლება მოლაპარაკება, თუ რა ჯობია მასთან ერთად ქვეყნის სტაბილურობისთვის გაკეთდეს.

სწორედ ამ კონსტექსტში ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ იქნება მიმართული, მხოლოდ დესტაბილიზაციისთვის იქნება გამოყენებული.

"არ არის ჩვენი თვითმიზანი, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - ეს არის რეალობიდან გამომდინარე. რეალობამ გვიჩვენა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ველზე კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს პოლიტიკურ საქმიანობის, არჩევნების ინტერესი არ გააჩნიათ - მათი ერთადერთი გეგმა და ამოცანა დესტაბილიზაციაა. ასეთ ვითარებაში იმაზე ლაპარაკი, რომ შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაიშვას, არასწორი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.