„მსურს, ყველას მოგილოცოთ მრავალეროვნული სწავლების - „მტკიცე სულის“ წარმატებით დასრულება. წელს ეს სწავლება გამორჩეული იყო, რადგან ის საიუბილეოა, მეათე სწავლებაა ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit - 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწავლება „მტკიცე სული“ ნათელი დასტურია იმ მტკიცე და სამაგალითო ურთიერთობებისა, რომელიც საქართველოს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან აკავშირებს.
„ეს სწავლება სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოველწიურად მზარდი თანამშრომლობის შედეგია. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო სწავლების თითოეულ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს და მის დაგეგმვასა და აღსრულებაში ჩართულ ყველა პირს. მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, ამ პირობებშიც, სწავლების წარმატებული ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თქვენს მზადყოფნას, თქვენს მაღალ პროფესიონალიზმს, თქვენს ძალისხმევას, არ მოაკლოთ ენერგია საერთო ღირებულებების დაცვას. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელმა, მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა ჩვენთვის და თითოეული ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად უკვე დასრულდა, რომლის განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ახლახანს დავხვდით ბოლო ქართულ ქვედანაყოფს, რომელიც ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ხმამაღლა განვაცხადეთ - საქართველო, როგორც აშშ-ისა და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, მომავალშიც ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს საერთო ინტერესების დაცვასა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული“ სწორედ ამ სულისკვეთების ნაწილია, რადგან ის ჩვენი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.