ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, კვლავ სავალდებულო გახდეს.
„ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაციაა პირბადეების გამოყენება, მათი სავალდებულოობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, მათ შორისაა ქორწილები და ქელეხები. საჭიროა, შეიზღუდოს დამსწრეთა რაოდენობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც შეზღუდვების თაობაზე იმსჯელებენ, მომდევნო კვირის სამშაბას გაიმართება.
22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარაა. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 440 353 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 395 505, გარდაიცვალა 6 016 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.