სერგო ჩიხლაძე:  ირაკლი კობახიძის განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე არის სუსტი და რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი

სერგო ჩიხლაძე:  ირაკლი კობახიძის განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე არის სუსტი და რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი

ირაკლი კობახიძის განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდან იყო გაკეთებული - მათ ეშინიათ და ამიტომ აკეთებენ რეალობისგან აცდენილ განცხადებებს, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ჩიხლაძის თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 30 პროცენტს არ აღემატება და სწორედ ამიტომ მათ თვითმმართველობის არჩევნების ეშინიათ.

"ეს არ არის პირველი განცხადება, როცა "ქართული ოცნება" გადათქვამს თავისივე პირობას, ასე იყო პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე, ასეა შარლ მიშელის დოკუმენტზე, საერთოდ სჩვევია "ქართულ ოცნებას" გადათქვას ადრე ნათქვამი. ასე რომ, ახლა, როცა ამბობს, რომ 2024 წლამდე არ იქნება არჩევნები, მას მოუწევს გადათქმა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. კობახიძის ეს ფრაზა არის სუსტი და რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი.

ჩვენ ვიცით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ასევე ვიცით, რომ მათივე კვლევებითაც 30 პროცენტზე მეტი არ უგოვრდება "ქართულ ოცნებას," როგორც წარმოგიდგენიათ 1/3- ის მხარდაჭერის პირობებში უვადოდ დარჩენენ ხელისუფლებაში, ეს არ არის ლუკაშენკოს ბელარუსი და არც პუტინის რუსეთი. მათ ეშინიათ და ამიტომ აკეთებენ რეალობისგან აცდენილ განცხადებებს,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლამდე არავითარი „რიგგარეშე არჩევნები არ იქნება".