ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე:  გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება

ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე:  გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება

იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

რაც შეეხება ფრენებს, კობახიძის განმარტებით, ფრენების განახლება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის და აღნიშნულით საქართველოს ასიათასობით მოქალაქეა დაინტერესებული.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვაქვს, არსებობს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზის ფარგლებში ყველაფერზე შეიძლება ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება, დანარჩენზე, ვნახოთ, რაზეა საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მსგავსი ტიპის ურთიერთობებზე, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს. ფრენებიც არის ეკონომიკური საკითხი და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, - განაცხადა ბიკანტოვმა, რომლის სიტყვებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზეც ციტირებს.