ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო ციებ-ცხელების ფონზე, IRI-მ სოციოლოგიური გამოკითხვის მორიგი შედეგი გამოაქვეყნა, სადაც სხვათაშორის ერთი ბლოკი ცესკოს მიმართ მოქალაქეთა ნდობის გაზომვას დაეთმო. გასაგებია, რომ არჩევნების წინ გამოკითხვები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თქვენის აზრით, რატომ შეიტანა აირამ ცესკოს თემა კითხვარში?
არჩევნების წინ სოციოლოგიური გამოკითხვები რომ მოსახლეობის არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ მათი განწყობებით მანიპულირებას ემსახურება, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ეს კარგა ხანია ცნობილია, არც IRI-ს ეს გამოკითხვა ყოფილა გამონაკლისი. ერთი მხრივ, ის თითქოს აჩვენებს არსებულ ტენდენციებს, მეორეს მხრივ კი, აშკარად ცდილობს საზოგადოების განწყობების მოდელირებას გარკვეული მიმართულებით. და თუ მთლიანად გამოკითხვას გავეცნობით, ეს ძალიან თვალშისაცემია. მაგალითად, გამოკითხვა აჩვენებს რომ ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვით ადრე, „ქართული ოცნება“ საკმაოდ შორს დგას 43% -სგან, რაც მოსახლეობაში ბუნებრივად ქმნის განწყობას ვადამდელი არჩევნების გარდუვალობაზე. რაც შეეხება ცესკოს. აქაც თავად კითხვა არის ფორმულირებული ისე, რომ აპრიორი, ეჭვის ქვეშ დააყენოს ცესკოს მიერ სანდო არჩევნების ჩატარების უნარი, და ეს იმ დროს, როდესაც გამოკითხულთა 52% - ანუ, ნახევარზე მეტი თვლის, რომ არჩევნები ნამდვილად ან დიდი ალბათობით იქნება თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების ადმინისტრირების მთავარი ორგანო კი ცესკოა და წარმოიდგინეთ, გამოკითხულთა უმრავლესობა 52% თვლის რომ არჩევნები ჯეროვნად ჩატარდება, ამ დროს დაახლოებით იგივე რაოდენობა - 53% უნდობლობას უცხადებს ცესკოს (?!). ჩემთვის ეს არის ტიპიური მანიპულაციური მეთოდი, იმისათვის რომ დანერგოს ახლახანს არჩეულ ცესკოს ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობა და ხელი შეუწყოს მის დისკრედიტაციას.
მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო, პარლამენტი იძულებული გახდა ხმათა უბრალო უმრავლესობით 6 თვის ვადით ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს ორი წევრი აერჩია. ნიშნავს თუ არა ოპოზიციის ეს ნაბიჯი იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარისადმი და ახალი წევრებისადმი უნდობლობის გამოცხადებით, ისინი კარს ღიად იტოვებენ, რათა გაიმეორონ იგივე სცენარი, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ.
სამწუხაროდ, მათი ქცევა სწორედ ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა. მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო ოპოზიციური პარტიებისა და მათი სიტუაციური მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ არჩევამდე და ჩემი აზრით, არჩევნების მოახლოების კვალობაზე მათზე წნეხი გაძლიერდება. ამას ჩვენ ვხედავთ ლამის ყოველდღე თუ როგორ მიდის მათზე სხვადასხვა მხრიდან წერტილოვანი დარტყმები და ამას აკეთებენ მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარი სანდოობა დააყენეს ეჭვის ქვეშ 2020 წლის საპარლამენტო, მანამდე კი საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ რომ გაანეიტრალოს ის უკიდურესად ნეგატიური კამპანია, რაც მის მიმართ წარმოებს?
ნეგატიური კამპანიის და შავი პიარის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი აპრობირებული საშუალებაა, მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების მუდმივი ინფორმირება. ხშირად ცალმხრივი და ტენდენციური ინფორმაცია რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღებულობენ ერთი მხარისგან, ხდება ეჭვების და არასწორი აღქმების მიზეზი. ამიტომაც, ცესკოს ახალმა ხელმძღვანელმა ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს.
წინა არჩევნებზე პრეტენზია, და ზოგჯერ სამართლიანიც, იყო საუბნო თუ საოლქო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის მიმართ და დარჩენილ დროში აუცილებალდ უნდა ჩატარდეს მათი საფუძვლიანი გადამზადება. აშშ-ს ელჩმა სასარგებლო რჩევა მოგვცა მოსახლეობის ტრენინგის თაობაზე, რომ მათ ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ და ვფიქრობ, ცესკოს აქვს რესურსები ამას ხელი შეუწყოს.