ირაკლი კობახიძე: რეალურად გიორგი გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს

ირაკლი კობახიძე: რეალურად გიორგი გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს

რეალურად გიორგი გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მან ისაუბრა, შეუძლია თუ არა გახარიას თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ საარჩევნო ხმები მოიპოვოს.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ჰქონდა ერთადერთი დავალება, „ქართული ოცნების“ შედეგი 43%-ს როგორმე დაეახლოებინა.

„2 ოქტომბერს რეალურად დავინახავთ ვის რა რეიტინგი და პროცენტი ექნება. შესაბამისად სპეკულაციებს წერტილი დაესმება. ანუ ამ სპეკულაციებს რეალურად საფუძველი არ აქვს. მართალია გახარიას ეს დავალება ჰქონდა, მაგრამ ეს დავალება იყო განწირული შეუსრულებლობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - გახარია გაიშიფრა, საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ მან საკუთარ გუნდს უღალატა. და არა მარტო გუნდს, პირველ რიგში, ქვეყანას უღალატა. აქედან გამომდინარე, მას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ შეასრულოს ის დავალება, რომელიც მას ჰქონდა მიღებული 43%-თან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში შედეგებს, მასზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

„43 და 53%, ბუნებრივია, ეს ჩვენი მხრიდან პირობითად იყო ნათქვამი. რეალურად გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს, - დასძინა კობახიძემ.

მისივე თქმით, ღალატის გაგრძელებაა ის, რომ გიორგი გახარიას პარტიის წევრებს წაღებული აქვთ აქტივისტების ბაზა და იყენებენ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ აქტივისტები გამოაცალონ.