იაგო ხვიჩია:  ოპოზიცია სრულად უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ბუბა კიკაბიძესაც კი უნდა ვთხოვოთ, მობრძანდეს და დაგვეხმაროს

იაგო ხვიჩია: ოპოზიცია სრულად უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ბუბა კიკაბიძესაც კი უნდა ვთხოვოთ, მობრძანდეს და დაგვეხმაროს

პარტია „ლელომ“ შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემთხვევაში პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს.

აღნიშნულ განცხადებას „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი პოზიციით, ოპოზიცია სრულად უნდა შემოვიდეს პარლამენტში.

„ის ხალხიც კი, ერთხელაც რომ არ ყოფილა, ბატონ ბუბა კიკაბიძესაც კი უნდა ვთხოვოთ, რომ მობრძანდეს და დაგვეხმაროს იმაში, რომ „ქართული ოცნების“ თავხედობა გასაგები იყოს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ყველამ სხვადასხვა ფორმით უნდა გავაკეთოთ ეს. წარმოიდგინეთ, რომ ყველა კომიტეტზე, ყველა სხდომაზე გამოდის ყველა წევრი ოპოზიციიდან და აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, ფიქრობ, რომ ეს არის სწორი გზა.

მერე თუ ადამიანებმა დაგიჯერეს, რომ შენი მორალური პრეტენზიები სწორია, მაშინ შეგიძლია, ხალხს რაღაც მოუწოდო, თორემ ახლა ხალხს ეუბნები, მე გავრბივარ შენთან აგერ ქუჩაში, ერთად ვიდგეთო, ეს როგორ არის სწორი, ეს ხომ დანებებაა რაღაც თვალსაზრისით. მართლა თუ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შუა აზიისკენ მიჰყავს ქვეყანა, რატომ ვეხმარებით ამაში, შუა აზია ხომ ისაა, სადაც მარტო ზის ერთი პარტია პარლამენტში და არავინ ებრძვის მას და ვიღაცები გარედან ჩხუბობენ, რომელსაც ხან იჭერენ, ხან არ იჭერენ და ა.შ. ჩვენ რატომ ვაკეთებთ ამას ჩვენი ხელით? პარლამენტში ვართ 60 დეპუტატი, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს, რომ იქ „ქართულ ოცნებას“ კომფორტი არ შეუქმნას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.