ზაალ უდუმაშვილი:  „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ვრჩებით პარლამენტში

ზაალ უდუმაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ვრჩებით პარლამენტში

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერ ტექნიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ვრჩებით პარლამენტში, მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება, ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი გამოეხმაურა ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრ​ის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ლელო“ აგრძელებს ბრძოლას, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პარტია დატოვებს პარლამენტს.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ უკვე ვმსჯელობდით ამ თემაზე, ახლავე ხომ არ დაგვეტოვებინა პარლამენტი და არ დავლოდებოდით მოვლენების განვითარებას, მაგრამ სუფთა პრაგმატული შეფასებებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერჯერობით ტექნიკურად ვრჩებით პარლამენტში, მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება, ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს იმის პრობლემა, რომ დატოვოს პარლამენტი და ბუნებრივია, თუ ამის მოცემულობა იქნება, ამ ნაბიჯს უყოყმანოდ გადავდგამთ.

რაც შეეხება 43 %-ს, მე ვფიქრობ, ახლა სწორება უნდა იყოს არა 43 %-ს აიღებს თუ არა „ქართული ოცნება“, არამედ იმაზე, რომ „ოცნება“ მარცხდება არჩევნებში, ყველანაირი კვლევებით 30 %-საც კი ვერ სცდება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უნდა დავასრულოთ, დამარცხდეს ამ არჩევნებში და შემდგომ უკვე ვადამდელი არჩევნების ბედიც ავტომატურად გადაწყდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.