საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელსაც ბანკი უკვე რამდენიმე წელია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ეს იმას  ნიშნავს, რომ UNESCO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევების შედეგად, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) ერთად ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ შეტანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ნომინაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (WHC) 44-ე გაფართოებულ სესიაზე მიიღება,  რომელიც  ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში ჩატარდება.

„საქართველოს  ოთხი დაცული ტერიტორიის ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით მთელს ევრაზიაში, როგორც ჭაობიანი რეგიონი და უძველესი ფოთლოვანი კოლხური ტყეებით, ეკოსისტემებში შემორჩენილი რელიქტური და ენდემური სახეობებით. ისინი წარმოადგენენ ყველაზე ნოტიო ფართოფოთლოვან სუბტროპიკულ ტყეებს გლობალურ დონეზე. ეს ყოველივე, კოლხეთის დაბლობზე მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი ევოლუციის პროცესის შედეგია“- განაცხადა CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თობიას მიუნხმაიერმა.

„პირველად მთელს ამიერკავკასიაში, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ეს  აღიარება ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებას და გადარჩენას. ასევე, ქვეყნის ცნობადობის ზრდას, საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას. მოხარული ვართ რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბანკი უკვე 10  წელია 11 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი 2010 წლიდან CNF-ის (Cavcasus Nature Fund) დახმარებით ეტაპობრივად შემდეგი 11 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მახრდაჭერას ახორციელებს: ბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, თუშეთი, ვაშლოვანი, მტირალა, ჯავახეთი, ყაზბეგი, ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთის და მაჭახელა.