მაია გოგოლაძე: რაც ახლა ლექსოს სახელის გამოყენებით ხდება, ყველაზე დიდი ძალადობაა მედიის სახელით... რომ ემიჯნება ამ უგვან პათეტიკას... ჩვენ ვემიჯნებით...

მაია გოგოლაძე: რაც ახლა ლექსოს სახელის გამოყენებით ხდება, ყველაზე დიდი ძალადობაა მედიის სახელით... რომ ემიჯნება ამ უგვან პათეტიკას... ჩვენ ვემიჯნებით...

ჟურნალისტი მაია გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჟურნალისტების აქციას ვუყურე და შევძრწუნდი. გასაგები იქნებოდა მათი მრისხანება... ლექსო  რამდენიმე დღეში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც აქციაზე სცემეს... შემზარავი ტრაგედია მოხდა, მიუხედავად მომხდარის უშუალო მიზეზისა... ამას ყველა იმეორებს, მიუხედავად იმისა, ზოგადად, შეუძლია თუ არა შეიზაროს მედიაზე შეტევისა და სიკვდილის გამო... და რაც მეტს იმეორებენ, უფრო აუფასურებენ... შემდეგ რამდენიმე ტელეარხი აჯანყდა, პარლამენტის წინ შეიყარა, ჟურნალისტები პარლამენტში შეიჭრნენ... ყვირილით, თითების ქნევით და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით... და ვინ არიან ისინი, ლექსოს გამო მთელი სახელმწიფოსგან რომ ითხოვენ საზღაურს?

ყოფილი პროკურორი, რომელსაც წარბი არასდროა შეუხრია, როცა მედიას არბევდნენ, ადამიანებს ქუჩებში ხოცავდნენ და ციხეში აწამებდნენ...

ჟურნალისტი, რომელიც ყველა ხელისუფლებას ემსახურა და შევარდნაძის დროინდელ ერთადერთ ტელევიზიაშიც კომფორტულად და ლაღად გრძნობდა თავს და არასდროს დაუმალავს ეს...

ჟურნალისტი, რომლის პოლიტიკური პატრონები და კონტენტის დამკვეთები მთელმა საქართველომ იცის...

ჟურნალისტები, რომლებიც ვერაფერს ხედავდნენ, როცა სიკვდილის კალოდ იყო ქცეული მთელი ქვეყანა... არასდროს ხმა არ ამოუღიათ შიშით და პარტიული ტერორით დათრგუნულ საქართველოში... არც ვინმეს მოკვლა ადარდებდათ, არც ვინმეს წამება და არც მედიის თავისუფლება...

ტელეარხები, რომლებმაც მედიას საინფორმაციო ფუნქცია დაუკარგეს,  უგვანი გარჩევებისა და პოლიტიკური მომხვეჭელობის სარბიელად აქციეს...

ისინიც, ვისზეც თავის დროზე იძალადა წინა ხელისუფლებამ და კარგად იციან, რა არის მედიაზე ძალადობა, მაგრამ ახლა ცდილობენ, სიტყვებს მნიშვნელობები გამოაცალონ და ისე მოიხმარონ, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი სახმარი ღირებულება... აღარაფერს ვამბობ ამ არხების მედიურ და ჟურნალისტურ ხარისხზე, ეს ცალკე ტრაგედიაა...

ისინი ითხოვენ მედიის თავისუფლებას, დემოკრატიას და ასე შემდეგ...

ჟურნალისტის და ჟურნალისტიკის არაერთი პარადიგმა არსებობს სხვადასხვა კულტურებსა და ქვეყნებში... ახალმა საუკუნემ ინფორმაციული კომპონენტი აქცია ყველა პარადიგმის მთავარ შემადგენლად... ქართულმა ჟურნალისტიკამ კი თავდაყირა დააყენა ყველა დროის ყველა პარადიგმა ერთის გარდა... კოლექტიურ პროპაგანდისტად და კოლექტიურ ორგანიზატორად აქცია მხოლოდ პოლიტიკური ინტერესით, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით მართული მედია... სად ვართ ამ საუკუნის მედიაოკეანეში?

20- სიტყვიანი ლექსიკითა და უმარტივესი სინტაქსით...

მწირი ჟანრებით, მწირი თემებით...

დაკარგული საინფორმაციო ღირებულებით, რადგან დაუსჯელი ცრუინფორმაცია იქცა ქართული მედიის უმეტესი ნაწილის მთავარ შინაარსად...

მედიაქაოსით, ერთმანეთში ახლართული პირადი და პოლიტიკური ინტერესებით, დაგეშილი, გავეშებული ჟურნალისტებით,  კატასტროფულად უსწავლელი და წიგნიერებას მოკლებული ჟურნალისტთა ახალი თაობით...

ღია ეთერში გამართული პანაშვიდებით...

მთვრალი და ღია ეთერში აბაბრბაცებული ჭიპწამოხდილი მედიაპერსონით...

ტყუილით, ცილისწამებით, ისტერიკით, ლანძღვით, წყევლით და გინებით...

ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს პარლამენტის წინ შეყრილმა ჟურნალისტებმა,

პარლამენტის დარბაზში შეჭრილმა, მიკროფონების ქნევითა და თითების ტრიალით დეპუტატებს დადევნებულებმა...

ერთგვარ სპეცრაზმად ჩამოყალიბდა ჟურნალისტთა კორპუსი, გადატრიალების პრაქტიკულად განმახორციელებელ კოლექტიურ სამხედრო საბჭოდ.

სასაცილოა, რომ დღეს გაბედვა უნდა იმის თქმასაც, რომ ეს არ არის ჟურნალისტიკა...ეს არ არის  ჩვენი ოცნება თავისუფალ ჟურნალისტიკაზე, რომლისთვისაც ამდენი გვიბრძოლია... ცოტაა ისეთი ჟურნალისტი ამ ქვეყანაში, ვინც გაბედავს და იტყვის, რომ ემიჯნება ასეთ მედიას და ასეთ ჟურნალისტიკას... რომ ის, რაც ახლა ლექსოს სახელის გამოყენებით ხდება, ყველაზე დიდი ძალადობაა მედიის სახელით... რომ ემიჯნება ამ უგვან პათეტიკას... ჩვენ ვემიჯნებით...

amo აშენდა თქვენი ოჯახი!
2 წლის უკან
სერმინე ძლივს გონიერი ჟურნალისტის ხმა გავიგონე.
2 წლის უკან