საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დეპუტატებს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ პარლამენტარებთან თავდაცვის უწყებაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, სამინისტროში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელმა უმრავლესობის და უმცირესობის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან დოლიძე და თამარ ქაროსანიძე, ასევე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე უწყების ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. „თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ 1 კვირის წინ დაამტკიცა, დახურულ შესყიდვებთან დაკავშირებით: თუ შესასყიდი მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაო სავარაუდო ღირებულება - 4 მილიონ ლარს, თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფთან ვალდებულებას იღებს ზუსტი ინფორმაცის წარმოდგენაზე. ასევე, ღია ტენდერებთან დაკავშირებით - თუ შესასყიდი საქონლის და მომსახურების ღირებულება აღემატება სავარაუდო 2 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაო სავარაუდო ღირებულება - 4 მილიონ ლარს, თავდაცვის სამინისტრო თავდაცვისა და უშიშრების კომიტეტს განსახორციელებელი არასაიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. ასევე, თავდაცვის სამინისტრო, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შესყიდვების კუთხით გაწეულ და მიმდინარე საქმიანობაზე მოხსენებას წარუდგენს. ეს ის ბერკეტები იქნება, რომელსაც გამოიყენებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა, რომ თუკი არსებობს გარკვეული ინტერესი კონკრეტული შესყიდვების მიმართ, ჩვენ მზად ვიქნებით დეტალური ინფორმაცია წარმოვადგინოთ ყველა შესყიდვაზე“.
ინფორმაციისთვის: მნიშვნელოვნად გაიზარდა ღია ტენდერების რაოდენობა. 2013 წელს გამოცხადდა 55 ტენდერი, მათ შორის 26 ტენდერი უკვე ჩატარდა, ხოლო 17-ზე დასასრულებელია შესაბამისი პროცედურები.
ირაკლი ალასანიამ დღეს, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპობრივ გეგმაზეც გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „შეიქმნა ინფრასტრუქტურის და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების შემსწავლელი კომისია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ კომისიის მუშაობაში ჩართული იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. სამხედროებისთვის ყველაზე პრობლემური საყოფაცხოვრებო საკითხების იდენტიფიკაციისთვის კვლევა ჩატარდა. დადგინდა, რომ სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი უკიდურესად მძიმე პირობებშია. ამჟამად, სამინისტრო შესაბამის ფინანსურ გათვლებს ახორციელებს და ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპობრივ გეგმას ამზადებს. გრძელვადიანი გეგმა, გვინდა, რომ განვახორციელოთ გერმანელ პარტნიორებთან ერთად, რადგან, ჩემი აზრით, სამხედრო ლოგისტიკის დაგეგმვის კუთხით, საუკეთესო სპეციალისტები სწორედ გერმანებელი არიან. ჩვენ ორმხრივ ფორმატში უკვე გვქონდა გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაშიც ჩადებულია, რომ ლოგისტიკის სპეციალისტები, ჩვენს სპეციალისტებთან ერთად, ამ ექსპერტულ სამუშაოს დაიწყებენ. მოკლევადიანი ამოცანები კი არის, რომ ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც სამხედროებს აქვთ, მოეხსნათ. აქედან გამომდინარე, დაანგარიშებები უკვე გაკეთებულია. მე გუშინ ამ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა მქონდა. მათი მხრიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფილია. თუმცა, აქვე მინდა მოგიწოდოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დეპუტატებს, როგორც უმცირესობიდან, ასევე, უმრავლესობიდან, რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინიციატივას, რათა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, ბიუჯეტგარეშე სახსრები გამოყოს ფინანსთა სამინისტრომ“.
საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ხაზი გაესვა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს და ახალი მთავრობის ურყევი ნება.
საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრა: „საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით, ერთ-ერთი ახალი შემოთავაზება საქართველომ გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად მიიღო. ეს იყო ქალბატონი ეშტონის მიერ მომართვა. ევროკავშირი გვთხოვდა, განგვეხილა საკითხი - უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაგვეწყო ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემასთან, მათ შორის განგვეხილა საკითხი შესაძლო სამშვიდობო თუ სხვა ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ეს საკითხი მთავრობაში განვიხილეთ და პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ. საქართველოს ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, ჩვენი პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გაზრდისთვის და რაც მთავარია, ევროკავშირის, ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული მოკავშირისთვის, კიდევ ერთი დამატებითი მხარდაჭერის მიღებისთვის იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. აქ არ იყო საუბარი საბრძოლო ქვედანაყოფების მონაწილეობაზე. ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვაცნობეთ ევროკავშირს. მაგრამ ასევე ვთხოვეთ, რომ დაგვეწყო კონსულტაციები, თუ კონკრეტულად რაში დასჭირდებოდათ მათ ქართული გამოცდილება და ქართველი სამხედროების ექსპერტიზა. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მათ თანამონაწილეობის ჩვენი ვარიანტი შევთავაზეთ. ეს გულისხმობს ქართველი წარმომადგენლის ერთობლივ საშტაბო სხდომებში მონაწილეობას, რათა მათი დაგეგმარების პროცესში ჩაერთოს. ასევე, შევთავაზეთ ჩვენი ერთ-ერთი გამნაღმველი. როგორც ავღანეთში, ასევე ყველგან, საომარი მოქმედებების პერიოდში, განაღმვის პრობლემა არის ყველაზე მწვავე და ამ კუთხით საქართველოს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები ამ კუთხით. პოლიტიკური ნება არსებობს, დადასტურებულია. ტექნიკური მხარეა გადასაწყვეტი“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, საფრთხეებიც მიმოიხილა. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სადაზვერვო თანამეგობრობის მონაცემებით, პრაქტიკულად ვითარება არ შეცვლილა. დამძიმდა იმით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვის დოქტრინა და საფრთხეების ანალიზი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. მაგრამ აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის კუთხით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა საბრძოლო მოქმედებების განახლების პოტენციური შესაძლებლობა შეამცირა. აქედან გამომდინარე, თავდაცვის უწყებას არ აქვს არანაირი საფუძველი, თუ არა მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდეს შეიარაღებული ძალები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა როგორც სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და სამოქალაქო ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელებაა, ასევე პირველ რიგში არის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში გვყავდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები. ასევე მომატებულ, მოსალოდნელ საფრთხედ რჩება უკვე დაგეგმილ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ტერორისტული პოტენციური საფრთხე ოლიმპიადის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, შსს-სთან ერთად ძლიერი კომპლექსური ურთიერთქმედება გვაქვს, რომ ყველა მოსალოდნელი საფრთხე საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაქსიმალურად იყოს გათვლილი და მაქსიმალურად ჩაერთოს საქართველო რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასეთი საფრთხის პრევენციაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგეგმარებაც დავიწყეთ და აქედან გამომდინარე, ჩემი ვიზიტებისას თურქეთშიც, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც გვქონდა ანალოგიური უსაფრთხოების საკითხების განხილვაც.“
მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, იყო თავდაცვის სამინისტროს ახალი პოლიტიკა, რომელიც მობილური, სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების მქონე პროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნას გულისხმობს.
ირაკლი ალასანიას გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ არმიასა და თავდაცვის სისტემაში უკვე გატარებულ რეფორმებს დაეთმო. როგორიცაა, ავღანეთში მომსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა; ასევე, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება; საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება; საჯარო შესყიდვების დანერგვა და ტრანსპარენტულობა; რეკრუტირების წარმატებული პროგრამა; სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც უკანონოდ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეების საქმეებს სწავლობს და სხვა პროექტები.
თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარებს თავდაცვის უწყების სხვა პრიორიტეტებიც გააცნო. საქართველოს სამხედრო სტრუქტურა სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლებასა და 2016 წლისთვის მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლას გეგმავს. მოხსენებაში განსაკუთრებული აქცენტი რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების პროცესებზე გაკეთდა. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე გათვლა კეთდება სამი ტიპის რეზერვის ჩამოყალიბებაზე: საბრძოლო, ტერიტორიული თავდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის.
საუბარი შეეხო ასევე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრის განვითარებას; თავდაცვის სამინისტროში სწორი კარიერული ზრდის სისტემის
ჩამოყალიბებას; ვეტერანთა საქმეების შესწავლასა და სტრუქტურულ ქვედანაყოფად ჩამოყალიბებას.
საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრა პერიოდულად განხორციელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მორიგი მოხსენებით მაისის ბოლოს ელოდებიან.