5 ივლისს მიღებული ძლიერი დაზიანებების შემდეგ, „ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა. კლინიკის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა, ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" აცხადებენ, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გაწერის წინ ყველა საჭირო კვლევა ჰქონდა ჩატარებული.
კლინიკის დირექტორის თქმით, გარდაცვალების შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს.
„ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8-ში გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომობთ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან სრული თანამშრომლობაა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.
რაც შეეხება გაწერას, აბსოლუტურად სტანდარტის მიხედვით მოხდა ყველაფერი. არაფერი მად უცნაური არ არის, ეს არის სტანდარტი და ასე წერებიან პაციენტები. რაც შეეეხება დანარჩენს, თეორიებზე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება საუბარი. გაწერის წინ რა თქმა უნდა ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.