ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან სამწუხაროა, რომ უზენაესი მოსამართლეობის ყოველი მოსმენილი კანდიდატი ერთნაირად, ჯიუტად უარყოფს უდავო ფაქტს, რომ 2012 წლამდე სასამართლოს, განსაკუთრებით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების, პრაქტიკიდან შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპი თითქმის სრულად იყო ამოძირკვული; ამის ნაცვლად მოქმედებდა, სისხლის სამართლის საქმეებზე - „პროკურატურის შეუცდარობის დოგმა“, ანდა, თუ გნებავთ, ასე ვუწოდოთ - „ბრალდების პრეზუმფცია“; საქმის სასამართლოში წარმართვისთანავე მიიჩნეოდა, რომ ბრალდება იმთავითვე უდავოდ დასაბუთებულია, ხოლო შანსი - სასამართლოში საწინააღმდეგო დამტკიცებულიყო, ე.ი. ეს უკუღმართი პრეზუმფცია დარღვეულიყო, საქმეთა საერთო რაოდენობის 0, 06% (!) არ აღემატებოდა.
თანაც ეს 0, 06%, როგორც წესი, კურიოზულ, ანეკდოტურ შემთხვევებს უკავშირდებოდა. მახსენდება მაგ. ჩინჩალაძის (რომელიც დღეს ე.წ. კლანის „ბობოლად“ მოიხსენიება) გახმაურებული კურიოზი: იგი იმ დროს რიგითი პროკურორი გახლდათ მცხეთა-მთნიანეთის რეგიონში, ჰოდა, ერთ-ერთ საქმეზე ბრალმდებლად გამოდიოდა მცხეთის სასამართლოში. როცა განსასჯელი მოსამართლეს წარუდგინა, ამ უკანასკნელის პირველსავე კითხვაზე: „ რა დააშავა ამ კაცმა, რა ბრალი წაუყენეო?“ ვინაიდან ზემდგომი პროკურორის დირექტივას ტელეფონით ელოდებოდა და ჯერ არ ჰქონდა "მესიჯი" მიღებული, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ეს უპასუხა: „დუმილის უფლებას ვიყენებო!“ რადგან პროკურორი დადუმდა, გაჩნდა 100%-იანი შანსი, მოსამართლეს დაუყოვნებლივ დარბაზიდან გაეთავისუფლებინა განსასჯელი; მოსამართლემ ეს მაინც ვერ გაბედა, დაელოდა და როგორც მახსოვს, პროკურორის მიერ „დუმილის უფლების გამოყენების“ მიუხედავადაც კი, ეს საქმე იმ 0.06%-იან სტატისტიკაში მაინც ვერ მოხვდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი უმდარესი სტანდარტის პირობებში რაოდენ ანეკდოტურად კურიოზული იქნებოდა ის 0.06%-იანი საქმეების შემადგენლობა?!...
იგივე, შეჯიბრებითობის პრაქტიკულად გამომრიცხველი დოგმა მოქმედებდა ადმინისტრაციული დავებისას; აქ, პრეზუმფცია ის გახლდათ, რომ ადმინისტრაციული ორგანო იმთავითვე და ყოველთვის მართალია, ხოლო რაიმე შანსი სასამართლოში საწინააღმდეგო დამტკიცებულიყო, აქაც ფაქტიურად არ არსებობდა;
ძალიან ცუდია, სავალალოც კი, რომ მოსამართლეებმა, არა რაღაც მითიურმა „კლანმა“, არამედ - მოქმედ მოსამართლეთა, სავარაუდოდ, მთელმა კორპუსმა თითქოსდა პირი შეკრა და ამას, 2012 წლამდე არსებულ ყოვლად სამარცხვინო, დასაგმობ პრაქტიკას, რეალობად დღემდე არ აღიარებენ და აგერ, წარმოდგენილი კანდიდატები ერთხმად ამტკიცებენ, მსგავსი რამ არ ყოფილაო! როგორცა ჩანს, პირუთვნელობა, მაშასადამე მოსამართლისათვის უმთავრესი - სამართლისმოყვარეობა, მეტისმეტად აკლიათ, ამიტომაც, სიმართლის აღიარების ვერც გამბედაობა, ცოტაოდენი ვაჟკაცობაც კი - ვერ გამოუჩენიათ; სწორედ ეს აჩენს დასაბუთებულ ეჭვს: იქნებ შეჯიბრებითობის ეს ფუნდამენტური პრინციპი კვლავაც საფრთხის ქვეშაა დღესაც და მაშასადამე, ხვალაც, ჩვენს სასამართლოში?!
რა არის გამოსავალი? ჩემი აზრით ეს: სანამ მოსამართლეთა კორპუსი საკუთარ პოზიციას არ გადასინჯავს, ამ ცოტაოდენ ვაჟკაცობას სამართალმოყვარეობისთვის არ გამოიჩენს, მაშასადამე, პირუთვნელად და გულწრფელად არ აღიარებს იმ არა "ხარვეზებს", არამედ სწორედაც - სავალალო მდგომარეობას, რაც 2012 წლამდე არსებობდა, ასევე - არ დაგვანახებს უფრო მკაფიოდ და ცალსახად, რომ ის უბედურება ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ყველა მსგავსი კანდიდატი უნდა ჩააგდოს და თუნდაც მხოლოდ ამ, ძალიან არსებითი, ჩემი აზრით - გადამწყვეტი არგუმენტის გამო, ხმა არცერთს არ მისცეს!
ცხადია, ეს არ ნიშნავს ამ დესტრუქციული ოპოზიციის - შეჩერდეს კანდიდატების წარდგენა და განხილვა, რაიმე ფორმით გაზიარებას. არამედ იმას, რომ მოსამართლეთა გამწესების პროცესში პარლამენტი გამოხატავს ქართველი ხალხის ფაქტიურად ერთსულოვან ნებას და მოსამართლეებს, უწინარესად კი - უზენაეს (!!!) მოსამართლეებს, სათანადო პირუთვნელობას, სამართალმოყვარეობას და ამისათვის გამბედაობასაც, კატეგორიულადა და ძალიან მკაცრად, როგორც იტყვიან - „უმაღლესი სტანდარტით“, მოსთხოვს!
ხოლო სანამ ამ „სამართალმოყვარეობის ელემენტარულ ტესტს“ წარდგენილი კანდიდატებიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოცა და მოსამართლეთა მთელი კორპუსიც, ღირსეულად ვერ ჩააბარებს, ძალიან ძნელია, ალბათ შეუძლებელიც, მათ მიმართ ნდობის, რაც არ უნდა მიუკერძოებელი კვლევები და სანდო სტატისტიკა არგუმენტებად მოვიყვანოთ, ობიექტური დასაბუთება.
არადა, ამ ელემენტარული ტესტის ჩაბარებას ცოტაოდენი ვაჟკაცობა სჭირდება და დიახაც, იმის ცალსახად, პირუთვნელი აღიარება, რომ 2012 წლამდე ვინც მოსამართლეობდა, იგი სამართლის (და არა იმდენად იმ დროინდელი კანონის) წინაშე სცოდავდა და შენდობა უნდა გვთხოვოს. იქნება შევუნდოთ კიდეც. იქნებ - ვერა. არ ვიცი. მაგრამ ეს კი დარწმუნებით უნდა ვთქვა: "სამართალმოყვარეობის ეს ელემენტარული ტესტი" თუ კანდიდატმა ვერ დაძლია, ფუჭია მერე მის სხვა თვისებებეზე მსჯელობა.
წარმოდგენილი კანდიდატების მიერ თუ ეს ელემენტარული ტესტი ვერ ჩაბარდა (საქმეს ასეთი პირი უჩანს) , ბოლო-ბოლო „ოცნების“ დეპუტაციის თავმოყვარეობის საკითხიცა დგება: მათ მაგივრად, პირადად მე, ძალიან შემრცხვებოდა ხმა მიმეცა ისეთი კანდიდატისთვის, რომელსაც 2012 წლამდელი სასამართლო პრაქტიკის მიმართ მსგავისი პოზიცია, რაც უკვე მოსმენილმა კანდიდატებმა გვანახეს, გააჩნია”.
მე არ ვიქნებოდი ასეთი ლოიალური!..
ყველა , ვის შესახებაც არსებობს კომპრომატი, არსებობს ფაქტები, რომ ნაცების დროს, ხელისუფლების საამებლად, იღებდა უსამართლო გადაწყვეტილებებს, სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს სასამართლოს სისტემას!
ყ ვ ე ლ ა , მურუსიძით დაწყებული!..
თუ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ გასუფთავდეს ეს ავგიას თავლა, ე.ი. იმედს იტოვებს: როცა მას დასჭირდება, ეს მოსამართლეები ისევ გამოიჩენენ ჩვეულ უპრინციპობას, უკვე - ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ!
სხვა ახსნა არა აქვს ამ ხალხის ისევ წამოყენებას!
გამიხარდება, თუ შევცდები.