„დღეს ჩვენ დიდი და ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ - ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი, დღეს შესაძლებელი გახდა“, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიბრძანების შემდეგ განაცხადა.
„ინდოეთის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა. ამიერიდან, ჩვენს ქვეყნებს შორის, ტრადიციულ-კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება. აღსანიშნავია, რომ წმინდანის საქართველოში დაბრუნება არის 3 -წლიანი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ და მთავრობამ, ინდოეთის მთავრობასთან ერთად გასწია“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
პატრიარქის მოსაყდრემ ინდოეთისა და საქართველოს მთავრობებსა და კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა.
ინდოეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სიწმინდე – წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ მიაბრძანეს. მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამადლობელ პარაკლისს საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებიან.
წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ჩამოაბრძანა.