ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ერემეიშვილმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ქ.ქუთაისში  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გახსნეს. გრიშაშვილის ქ. N16-ში მდებარე ოფისი მოქალაქეებს მოემსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე.    

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ქ, ქუთაისში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლების დროულ ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ. ასევე, სპეციალისტები მოქალაქეებს კონსულტაციებს  გაუწევენ და დაეხმარებიან უფლებების დაცვასა და  კომუნალური მომსახურების კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების მოგვარებაში.   
„მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას. აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების შესახებ, ასევე იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ელექტროენერგეტიკის  სექტორში ამოქმედდა. მოგეხსენებათ, პირველი ივლისიდან გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები შეიცვალა. ახლა უკვე ელექტროენერგიას გვაწვდიან  საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას აწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, იგივე “თ ელ მი კო”, ხოლო რეგიონის მოსახლეობას -  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“. არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიებს ცხელ ხაზზე, ან მომართონ სემეკსა და ენერგოომბუდსმენს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.  

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს სემეკთან ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურთან დაკავშირება შეუძლიათ  ქოლ ცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216. (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან). გარდა ამისა, რეგიონებში კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ენერგოომბუდსმენის ოფისებში შემდეგ მისამართებზე: ქ.თელავი, ერეკლე მეორის ქN16, ქ.ბათუმი, ნ.დუმბაძის ქ N10, ქ.ქუთაისი, გრიშაშვილის ქ N16.