გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს „ქართულ ოცნებაში", ვიდრე გიორგი გახარიას პარტიის საოფისე ინფრასტრუქტურის მშენებლობა,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებებს ზეწოლასა და ოფისების დახურვის შესახებ.
მისი თქმით, გიორგი გახარიასგან რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი არ მოუსმენიათ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებთან დამთხვევა დაინახეს.
„სამწუხაროდ, გახარია რაც დაბრუნდა პოლიტიკაში ოპოზიციურ ფლანგზე, მხოლოდ არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს, რომ მას დევნიან, უთვალთვალებენ და ა.შ. ჩვენ მას მოვუწოდებთ, მოიტანოს და დადოს ფაქტები, ან დაანებოს არათანმიმდევრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავი და შემოგვთავაზოს მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრებისა, სამწუხაროდ, რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოვისმინეთ.
დადოს კონკრეტული ფაქტები, რას გულისხმობს, არ ვიცი. სამწუხაროდ, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს „ქართულ ოცნებაში", ვიდრე გიორგი გახარიას პარტიის საოფისე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამიტომ, ეს მათი შიდა პარტიული საქმეა. როგორც ჩანს, აქაც ხარვეზები აქვთ, ვერ ალაგებენ ურთიერთობას ტექნიკურ ნაწილში, ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისათვის, გიორგი გახარიამ დღეს მისი პარტიის წევრებზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ისინი საქმიანობას გააგრძელებენ.
„მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლას მოახდენენ და სამსახურებიდან გამოყრიან ადამიანებს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის მსახურებას,"- განაცხადა გახარიამ.