დავით ქართველიშვილი: რატომ ვერ ქრება NATO-ს ღია კარში ჩვენთვის გაჭიმული ლაზერული უხილავი სიგნალიზაცია, ხოლო ევროკავშირის შესასვლელთან კი კვლავ ჩაწეულია შლაგბაუმი.

დავით ქართველიშვილი: რატომ ვერ ქრება NATO-ს ღია კარში ჩვენთვის გაჭიმული ლაზერული უხილავი სიგნალიზაცია, ხოლო ევროკავშირის შესასვლელთან კი კვლავ ჩაწეულია შლაგბაუმი.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მაშ რასთან გვაქვს საქმე 5 ივლისს დაანონსებული პრაიდის შემთხვევაში. მისი ორგანიზაციისა და მომზადების თვალსაზრისით, ასეთი მასშტაბური აჟიოტაჟის მქონე ეს ღონისძიება აქამდე არ მახსოვს. მათ შორის დასავლეთიდან ძალიან საინტერესო წინასწარი გზავნილების კუთხით. როგორც ვიზუალური, ასევე შინაარსობრივი ფორმით. მაგალითად NATO-დან - ჯეიმს აპატურაის სახით, რომელიც „კვერისა და მათრახი“-ს პრინციპით კი უხსნის თავის სიყვარულს საქართველოს და მეგრულ კერძებს, მაგრამ ამას ცისარტყელას დროშის ფრიალის ფონზე აკეთებს, რომელიც „შემთხვევით“ იმ კარიბჭესთან „ლივლივებს“, რომელიც სიმბოლურად NATO-ში შესასვლელ კარებს განასახიერებს.

ან ავიღოთ ესტონეთის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროპარლამენტარის მარინა კალიურანდის მაინცდამაინც პრაიდის წინ გაკეთებული განცხადება, რომ იგი წუხს, რომ 705 ევროპარლამენტარიდან უმრავლესობამ არც კი იცის არც საქართველოს ადგილმდებარეობისა, არც მისი დედაქალაქის სახელწოდების შესახებ. ხოლო იმ ევროპარლამენტარების სახელით, ვინც ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირში დაიბადა და გვიცნობენ - ურჩევს ქართულ საზოგადოებას, ნუ შეიქმნიან ცრუ-მოლოდინებს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და გვირჩევს იმ ქვეყნებთან გავაბათ საინტეგრაციო ხიდები, ვინც საქართველოს ევროპერსპექტივებთან მიმართებაში სკეპტიკურად არის განწყობილი. და ყოველივე ამას აკეთებს იმ სურათის ფონზე, სადაც შარლ მიშელი ცისარტყელას ფერებში მორთულ ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელზე გადადის, გადადის იქ და იმ გზით - რომელიც თურმე ყველას აქვს გასასვლელი, ვისაც სურვილი აქვს მათ მრავალფეროვან ოჯახს შეუერთდეს.

კიდევ ერთი „დამთხვევა“ და სიმბოლიზმი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გაკეთებეული განცხადება: „აშშ დაუფარავად ხელმძღვანელობს ეკლესიის საქმეებში სახელმწიფო ჩარევას, რათა ღიად მიაღწიოს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩას“ - მართალია, მას კონკრეტული მაგალითები არ მოჰყავს, მაგრამ ანტიამერიკულ განწყობებს ამითაც აშკარად აღვივებს. ამ სამმხრივ მინიშნებათა ერთობლიობა ადვილად იკითხება - იციან რა, რომ: ა) უახლოეს პერპექტივაში, არც ევროინტეგრაციის და არც ჩრდილო-ატლანტიკურ გზაზე - საქართველო კი არა, თავად ეს ორგანიზაციები არ არიან მზად თამამი და ჩვენთან მიმართებაში, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და ბ) რომ პრაიდის ჩატარება ქართველებისთვის ჯელალ-ედ-დინის მიერ სიონის გუმბათზე ტახტის დადგმის ტოლფასია - მორცხვად „აწვებიან“ ამ წინააღმდეგობრიობებით აღსავსე სცენარის განხორციელებას, რათა კიდევ ერთხელ, მწუხარებით თავის ქნევით განგვიმარტონ, რატომ ვერ ქრება NATO-ს ღია კარში ჩვენთვის გაჭიმული ლაზერული უხილავი სიგნალიზაცია, ხოლო ევროკავშირის შესასვლელთან კი კვლავ ჩაწეულია შლაგბაუმი. რომ თურმე არ ვცემთ ჩვენ „საკონსტიტუციო“ სათანადო პატივს „ადამიანის მიერ საკუთარი სწორნაწლავის არადანიშნულებისამებრ გამოყენების უფლებას“ - ამიტომ ბრიუსელში ჩვენი სახელმწიფო დროშის აფრიალება ნაადრევია.

ამ დროს, რითი არიან ამ სპექტაკლში დასაქმებული ჩვენი მეორეხარისხოვანი მსახიობები? ნაცსექტის როლი - ტრადიციული და გასაგებია. მათი კოლექტიური ხელმოწერები პრაიდის საორგანიზაციო დოკუმენტზე აუცილებლად უნდა შევუნახოთ შთამომავლობას. აქვე გასაგები ხდება ჩვენი ახალი პარტიის მიზნებიც - მონაწილეობა მიიღონ პრაიდის ორგანიზებაში, რათა მათ ლიდერმა, ბრიუსელსა და ვაშინგტონში ამით თავისი საწყისი წარმატება განამტკიცოს და თავის ხელში ჩაიბაროს, როგორც „ენ-ჯე-ო“-ს სექტორი, ასევე „ელ-ჯი-ბი-თი“ თემზე პატრონობა. მაშინ იქნება დაფასება, მხარდაჭერა და „პრემიაც იქნება დიდი“. ვშიშობ - რომ ამ სპექტაკლში თავისი უარყოფითი და პროვოკაციული როლის შესრულებას შეეცდებიან ფსევდოპატრიოტული და პროფაშისტური ძალებიც, რომლებმაც სერგეი ლავროვის ზემოაღნიშნულ წუხილს გამამრთლებელი ბაზა უნდა შეუქმნან სრულიად დასავლეთის დემონიზაციის და მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის სახით. ამ დაჯგუფებებთან არაფერი საერთო არა აქვს რა თქმა უნდა იმ რეალურ პატრიოტებს, ეკლესიის მრევლს, დასავლური და ეროვნული ტრადიციების დამცველებს და ოჯახური ფასეულობების მიმდევრებს, ვინც 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ასევე გამოვხატავთ თავის მშვიდობიან, არააგრესიულ, არამედ - ჭეშმარიტი ღირსებით სავსე სამოქალაქო პოზიციას.

სხვათა შორის, როდესაც მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს პრაიდის ჩატარებას და ამის გამო, ლიბერალური მედიასივრციდან „ეკლესიისთვის კოჭის გაგორებაში“ დაადანაშაულეს - ძალიან მენიშნა. უკვე დაუფარავად იკვეთება ეს დამოკიდებულება - ტრადიციების, წინაპართა ხსოვნის, „მამული, ენა, სარწმუნოების“ დაცვის ხაზი შეურაცხმყოფელი და დამცინავი ტონით „ეკლესიისთვის კოჭის გაგორებით“ შეფასდეს. ეს უკვე არაა ცისარტყელას დროშებით უწყინარი და „საკალელი“ პოზიციების გაპერფორმანსებული სახით გამოხატვა. ესაა აგრესიულ შეტევაში ღია გადასვლა და დაუფარავი ომის გამოცხადება. აი რატომ აქვს განსაკუთრებით წელს 5 ივლისს აქამდე უფრო დიდი მნიშვნელობა.

რაც არ გვეკუთვნის თურმე და რისი ღირსნიც თურმე არა ვართ - იმაზე მართლაც რომ „კოჭის გაგორებით“ ნუ დავკავდებით. ჩვენი რეალური და არა ბუტაფორული, როგორც თვლიან - წარსულის, აწმყოს და მომავლის დაცვას მივხედოთ. ოღონდ - ზუსტად იმ დასავლური ცივილიზაციის ღირსებითა და ტრადიციებით, რომლიც ქართული ექსპორტი, თუ ლიბერალიზმის მეტასტაზები თავად დასავლეთმა ვერ დაამარცხა, ვიმედოვნებ მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალში და შესანარჩუნებელია. ჩვენთან მაინც".