ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რის მიხედვითაც საქართველოს ისტორიაში პირველად საარჩევნო გარემო ფუნდამენტურად იცვლება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
„კანონმდებლობა იცვლება იმდაგვარად, რომ გაყალბება და მანიპულაცია პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ესაა საწინდარი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ძალიან მიხარია, რომ როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ, შემოუერთდნენ ამ სამუშაო პროცესს და მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ვიღაცეებმა საკანონმდებლო ცვლილებებს არ დაუჭირეს მხარი, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ეს ცვლილებები ამ ქვეყნისთვის არის სიმშვიდის და სიკეთის მომტანი“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნა პრეცედენტი, როცა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შეუძლია ისეთ საკითხზე შეთანხმება, რომელიც ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესი. „გადადოს პარტიული ინტერესი, იმუშაოს, გაასწოროს დღე და ღამე იმისთვის რომ მიიღოს უკეთესი კანონმდებლობა. ეს პრეცედენტი შევქმენით ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით ზეპარტიულია ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან. ესაა დემოკრატიისა და საპარლამენტო ცხოვრების ყველაზე სწორი ფორმა, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო ინტერესებში განსხვავება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. მადლობას გადავუხდი შალვას, პროფესიონალ და კორექტულ კაცს, ვისთან ერთადაც მომიწია ამ კანონპროექტზე მუშაობა. იმედს გამოვთქვამ, რომ იქნება საკითხები, სადაც ჩვენ ისევ შევძლებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა იოსელიანმა.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა.