ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ მონაწილეობა მიიღო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” (EU-ACT) დახურვის ღონისძიებაში, რომელზეც მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
აღნიშნული პროექტის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული და ტრანს-სასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ასევე რეგიონალური პარტნიორობის ფარგლებში, კოორდინირებული მუშაობით, უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს 132 ერთეული, მაღალტექნოლოგიური, GPS ლუქი გადაეცა, ხოლო ჩეხი ექპერტების ჩართულობით უწყებათაშორისი მობილური ჯგუფებისთვის სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია შეიქმნა.
ვლადიმერ ხუნდაძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც ქვეყნის საბაჟო, საგადასახადო და სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაცია მჭიდრო კოორდინაციაშია სხვა უწყებებთან და ამის საუკეთესო მაგალითია კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფი, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ტვირთების კანონიერი გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა პროექტის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კოორდინირებული საქმიანობის ეფექტურობას ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის.
,,ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით საქართველო რეგიონში სამაგალითოა. EU-ACT -ის მხარდაჭერით, ერთობლივი სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით, არსებული პრაქტიკა კიდევ უფრო დაიხვეწა, გაღრმავდა ცოდნა ფულის გათეთრების, ნარკოდანაშაულების პრევენციის და აღკვეთის, ასევე ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, EU-ACT-ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ნიშნად, შემოსავლების სამსახურმა პროექტს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) მადლობის სიგელი გადასცა“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ.
პროექტის დახურვის ოფიციალურ ცერემონიისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და 10-მდე უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა.