ყველაფერში ითარგმნება ადამიანის უფლებები და ყველაფერი ითარგმნება ადამიანის უფლებებად. ყველა მიმდინარე რეფორმა, რომელიც ქვეყანაში დაგეგმილია, საბოლოო ჯამში მათი რეზულტატი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება. დღევანდელი ხელისუფლების პრინციპული მიდგომაა, რომ ყველა ზრდა და ყველა გაუმჯობესება საბოლოო ჯამში უნდა გამოიხატებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ეკონომიკურ წინსვლასაც კი სწორედ ამ პრიზმაში ვხედავთ. თუ ქვეყანა მდიდრდება, გამდიდრების მთელი ხიბლი და დადებითი მხარე იმაშია, რომ ის უნდა მიდიოდეს თითოეულ მოქალაქემდე. არსებობს საერთაშორისო ინსტრუმენტი - ჯინის კოეფიციენტი, რომლითაც სიკეთის გადანაწილების თანასწორობა იზომება. ამ დროისთვის საქართველოს არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელი აქვს და ის ბოლო წლებში გაუმჯობესებულ მდგომარეობასაც ასახავს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.