ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერის შემოღების წინააღმდეგია.
როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ინიციატივა, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაისვა, მეორე მოსმენით განსახილველი საკითხი არ არის.
ამავე კონტექსტში ბეჟაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს.
“აქამდე აღნიშნული საკითხი არც ერთ სტადიაზე არ განხილულა. ჰგავს იმას, რომ ვიღაცას მოუნდა და კულუარული გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური არ არსებობს. მეორე ტური არის ხელისუფლების. გაერთიენებული კანდიდატები წარდგენის შემთხვევაში, ოპოზიციას აქვს შანსი, 40%-მდე შედეგით არჩევნები პირველივე ტურში დაამთავროს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი.
აღნიშნული შეთანხმებით პარლამენტში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.