მოხარული ვარ, რომ მქონდა კარგი შეხვედრა შარლ მიშელის რეფორმების გუნდთან. ეს არის გუნდი, რომელიც ფოკუსირებულია რეალურ პოლიტიკაზე და არა მხოლოდ აბსტრაქტულზე, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.
„შეშფოთებული ვარ, რომ იმ პარტიებს შორის, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შარლ მიშელის დოკუმენტი სრულყოფილად უნდა განხორციელდეს. სასამართლო სისტემა ძალიან დელიკატური საკითხია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ადამიანების ნდობა და რწმენა სასამართლო ხელისუფლების მიმართ და მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა ამ ნდობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყოს“, - აღნიშნა ელჩმა.