საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის" განხილვაში მიიღო მონაწილეობა. პანელი „ბრიუსელის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. თემაზე მსჯელობისას მომხსენება წაიკითხა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ. ვერშბოუმ ალიანსის გაფართოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნატოს დღის წესრიგში მთავარი ადგილი უკავია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება: „საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს. ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ნატოს წევრი გახდება". - განაცხადა ვერშბოუმ. მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. „ბრიუსელის ფორუმი" დღეს სრულდება.