კახა ბექაური: „MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება ხელმისაწვდომობა, ასე მოხდა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ბაზარზე“

კახა ბექაური: „MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება ხელმისაწვდომობა, ასე მოხდა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ბაზარზე“

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, აცხადებს, რომ MVNO კომპანიებს  ტელეკომ ბაზრის შემოსავლების  მნიშვნელოვანი წილი, არც ერთ ქვეყანაში არ უკავიათ, თუმცა, ისინი ზრდიან კონკურენციას ნიშურ სერვისებზე და ტელეკომ ბაზარს განვითარებაში ეხმარებიან. კახა ბექაური ამ შეფასებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებს.  
„MVNO ქართული „ნოუ ჰაუ“ არ არის. მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 1300-ზე მეტი მობილური ვირტუალური ოპერატორი არსებობს, მათი საბაზრო წილი კი მსოფლიო მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის საშუალოდ 7.5%-ია. სატელეკომუნიკაციო სფეროში, ყველაზე დიდი  წილი აბონენტების რაოდენობით, ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში უკავიათ. დანიაში MVNO-ები 18 წელია არსებობს, 2018-2019 წლის  მონაცემებით, 50-მდე MVNO-ა და მათ აბონენტების 34%, ხოლო შემოსავლებით - 7% უკავიათ. გერმანიაში სულ 135 ვირტუალური ოპერატორია (MVNO),  რომლებიც ერთად,  აბონენტების მიხედვით, მობილური ტელეკომ ბაზრის მხოლოდ 20%-ს ფლობენ, ხოლო შემოსავლებით - 28%-ს.  ყველაზე მეტი MVNO ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ჯამში 139 კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ MVNO-ები 17 წელია ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შევიდნენ, მათ ბაზრის მხოლოდ 4.7% დაიკავეს“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. 

მისივე განცხადებით, თანამედროვე ტელეკომ ინდუსტრია დიდი ხანია მივიდა დასკვნამდე, რომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალურ ოპერატორებს (MVNO) ისეთი სერვისების განვითარება შეუძლიათ, რომელიც დიდი კომპანიების ინტერესის სფერო არ არის. 
„გამომდინარე იქიდან, რომ ვირტუალურ ოპერატორებს  ქსელის შექმნაზე არ უწევთ რესურსების დახარჯვა, უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები შექმნან და ინდივიდუალურად დააკმაყოფილონ აბონენტის მოთხოვნები. ვირტუალურ ოპერატორს შეუძლია ძალიან კონკრეტულ, ვიწრო სამომხმარებლო ჯგუფზე  ააწყოს  და განავითაროს სერვისი. ესენი შეიძლება იყვნენ სტუდენტები, უფროსი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დავუშვათ - მე. ვირტუალური ოპერატორები ინოვაციური სერვისების შექმნის და შეთავაზების ხარჯზე  ტელეკომ  ბაზარს ზრდიან და უფრო მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აჩენენ.  დამატებითი შემოსავლები, ასევე მიდის დიდ ოპერატორთან, რადგან ქსელი, როგორც უკვე გითხარით, პატარა ოპერატორს სწორედ მისგან აქვს ნაქირავები. მსოფლიომ აღიარა, რომ ეს მოდელი ორმხრივად მომგებიანია. MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება კონკურენცია. ასე მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც სატელეკომუნიკაციო ბაზარი უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენთან.  რატომ გვჭირდება MVNO და რას მოგვიტანს?  მარტივი ჭეშმარიტება აქაც მუშაობს - მეტი კონკურენცია ქმნის უკეთეს ხარისხს და მრავალფეროვან მომსახურებას უკეთეს ფასად. ვირტუალური ოპერატორის შემოსვლა სწორედ ამ სიკეთეს მოიტანს მომხმარებლებისთვის“,- ამბობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.