ცალკეული პარტიები რომ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, არავინ უშლით მათ, რომ მეტი ქალი ჰყავდეთ სიაში, - ასე ეხმიანება განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპონენტების განცხადებებს “საარჩევნო კოდექსში” ქალთა კვოტირების საკითხის გაუარესების შესახებ.
პაპუაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული ჩანაწერი შეიცვლება და კოდექსით პარტიებს ექნებათ ვალდებულება სიაში არა ყოველი მეორე, არამედ ყოველი მესამე ჰყავდეთ ქალი, საერთო ჯამში არაფერი იცვლება და ქალთა წარმომადგენლობა ისევ 20 პროცენტი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებში.
რაც შეეხება უფლებადამცველების განცხადებას, რომ 20%-იანი წარმომადგენლობა უნდა გაზრდილიყო, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი დაპირება არ არსებობდა. მისი თქმით, კოდექსი განსაზღვრავს კვოტის სავალდებულო მინიმუმს, ხოლო უფლებადამცველებს შეუძლიათ იმუშაონ პარტიებთან, რათა მათ მეტი ქალი ჰყავდეთ სიაში
"საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი არ იცვლება - იცვლება მართალია თანაფარდობა, თუკი ჩანაწერი იყო, რომ ყოველი მეორე უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის, კანონპროექტის მიხედვით ყოველი მესამე იქნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იცვლება საარჩევნო სისტემა და იზრდება რაოდენობა იმ დეპუტატების, რომლებიც პროპორციული წესით იქნებიან არჩეულნი, საერთო ჯამში ეს არაფერს ცვლის, როგორც აქამდე ყოველი მეორე ქალის ჩასმა სიაში უზრუნველყოფდა ქალთა მონაწილეობას მინიმუმ 20 პროცენტით, ეს ჩანაწერიც უზრუნველყოფს, რომ ქალთა მონაწილეობა იქნება 20 პროცენტი. ასე რომ, არაფერი იცვლება და ეს განცხადება მიუთითებს, რომ არ დაფიქრდნენ, სანამ განცხადებას გააკეთებდნენ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.