არამარტო ამ რეზოლუციის შინაარსი, არამედ ეს საინტერესო გარემოებები, რომელიც თან ახლავს ამ რეზოლუციის მიღებას, კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილისა და პუტინის ხელისუფლებების პირობებში 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
„ამისთვის თუნდაც ის კმარა, რომ 2007 წელს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნავს უკიდურესად დაძაბულ ვითარებას რუსეთსა და საქართველოს შორის და მისი განმუხტვის აუცილებლობაზე საუბრობენ. რეზოლუციაში წერია - „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, არ აჰყვეს რუსეთის პროვოკაციას და თავადაც არ შეუწყოს ხელი ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც რუსეთი პროვოკაციულად აღიქვამს“. შემდეგ თბილისსა და მოსკოვში ჩადის ევროკავშირის საგარეო კავშირების იმდროინდელი კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი. მან ამ ორი ვიზიტის შემდეგ მიმართა თბილისს თხოვნით, შეარბილოს აგრესიული რიტორიკა და სასწრაფოდ დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამ პროცესში ევროკავშირი მედიატორის როლის შესრულებას გვთავაზობდა. არავინ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. რაღაც ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ, ამიტომაც დაიწყეს ხელისუფლების მოთოკვა. ჯონ ტეფტი არწმუნებდა ვანო მერაბიშვილს, რომ სოხუმიდან ძალიან კარგი სიგნალები მოდის. აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მზად იყო რაღაც ნაბიჯების გადასადგმელად თბილისთან მოლაპარაკების კუთხით. მათ ტეფტს უპასუხეს, რომ ბაღაფში ლოთია, რუსეთზეა ჩამოკიდებული მთლიანად და მისი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. შემდეგ სოხუმში ჩავიდა მეტიუ ბრაიზა და ჩვენ ასევე გვითხრა, რომ შეიძლება აფხაზებთან რაღაცაზე მოლაპარაკების დაწყება. ხავიერ სოლანა იყო ჩასული, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩამოიტანა ფედერაციული სახელმწიფოს მოწყობის სქემა, რომელსაც ათანხმებდა თბილისში, მოსკოვში და სოხუმში. ამ რეზოლუციაში აისახა ყველა ის პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რომელზეც არ უნდა ავყოლოდით, და ქართული მხარის ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომლის თავიდან აცილებასაც გვირჩევდნენ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.