პაატა  ზაქარეიშვილი: „ჩემი მინისტრობისას 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ აფხაზეთიდან, კაციშვილს არ გაუგია“

პაატა ზაქარეიშვილი: „ჩემი მინისტრობისას 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ აფხაზეთიდან, კაციშვილს არ გაუგია“

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქის დაკავების შემთხვევაში ხელისუფლება პირველ რიგში უნდა ეცადოს, რომ საქმე ე.წ. სასამართლომდე არ მიიყვანოს და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მოახერხოს მისი გათავისუფლება; ან დე ფაქტო სასამართლოსათვის კვალიფიციური ადვოკატი დაიქირაოს, მიაღწიოს მინიმალურ სასჯელს და შემდეგ ამავე ადვოკატის დახმარებით მიაღწიოს ვადამდე გათავისუფლებას. ამის შესახებ „რეზონანსს“ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა, რომელმაც მისი მინისტრობისას მომხდარი მსგავსი შემთხვევები გაიხსენა.

ამ კონტექსტში მან ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეზეც ისაუბრა. ზაქარეიშვილის თქმით, კვალიფიციური ადვოკატის აყვანის შემთხვევაში, დე ფაქტო სასამართლო მას არა 12 წელსა და 6 თვეს, არამედ 3-4 წელს მიუსჯიდა.

„გაფრინდაშვილის დაკავების და ტატუნაშვილის მკვლლეობის დროსაც ვამბობდი, რომ ოჯახს უნდა მისცემოდა საშუალება რუსეთიდან ვინმე გამოცდილი ადვოკატი აეყვანათ. რა თქმა  უნდა, ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ ეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. 

„არის ხალხი, ვინც ამაზე მუშაობენ. მართალია, ძვირადღირებულია მათი მომსახურება, მაგრამ გამოცდილები არიან და ძალიან კარგად მუშაობენ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ადამიანებთან კონტაქტი მაქვს. 4 წელი მინისტრი ისე ვიყავი, კაციშვილს არ გაუგია რამდენი ადამიანი გავათავისუფლე და როგორ. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხიც კი იყო ჩართული. ისინი მთხოვდნენ დავხმარებოდი და მე ვაფრთხილებდი, რომ თუკი არ იხმაურებდნენ, დავეხმარებოდი.  

„სოჭის ოლიმპიადის დროს აფხაზეთში სამუშაოდ  გადასულ ქართველებს რომ აკავებდნენ, ისე ჩუმად ვაშვებინებდი, რომ ვერავინ იგებდა. 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ, კაციშვილს არ გაუგია. როცა არაფერს აკეთებ, ხმაური და აჟიოტაჟი სიტუაციას კიდევ უფო ამწვავებს.

„ორი მომენტია - ან საქმე სასამართლომდე არ უნდა მიიყვანო და გათავისუფლება მაშინვე შეძლო, ხოლო სასამართლომდე საქმე თუ მივა, ადვოკატი უნდა აიყვანო, განაჩენს დაელოდო და უკვე ადგილობრივად მან უნდა იმუშაოს. მერე შეწყალება ან უდო უნდა შეეხოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.