ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა ვიქტორ ყიფიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით პროექტებს განახორციელებენ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ერთობლივად ჩაატარებენ სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ვორქშოპებს და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს. ამასთან, თსუ პროფესორები საექსპერტო ანალიზსა და შეფასებებში ჩაერთვებიან. თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ სტუდენტების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძით თქმით, ანალიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები პროფესორები და სტუდენტები. „ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. დღეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გავეცანით ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიც არის: სოციალური მიმართულება, ჯანდაცვა, განათლება, კიბერუსაფრთხოება. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროცესებში აქტიურად იქნებიან ჩართულები ჩვენი პროფესურა და სტუდენტები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიქტორ ყიფიანის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ორივე მხარეს სამეცნიერო კვლევების განხორციელების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურას ჩვენი სარეკომენდაციო პაკეტი წარვუდგინეთ. ჩვენი ამოცანაა განათლება, ცოდნა, კვლევა კიდევ მეტად დაფასდეს, რათა ქვეყანაში მეტი კვალიფიციური კადრი გვყავდეს,“ - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
ღონისძიებაზე ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ ჩატარებული კვლევების შედეგებიც წარადგინა. როგორც თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ განაცხადა, წარმოდგენილი კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, ის ეხება სხვადასხვა სექტორს, მათ შორის განათლების, უსაფრთხოების, ასევე ჯანდაცვის სფეროებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევების შედეგების პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ეს იყო ჯერჯერობით პირველი შეხვედრა. მომავალში ჩვენი აკადემიური გუნდი ამ ტიპის საკითხების კვლევასა და შემდგომ განხილვაში ჩაერთვება,“ - აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა.