საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ბრიუსელის ფორუმში“ იღებს მონაწილეობას. ირაკლი ალასანიამ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები ევროკავშირიდან და ნატოდან, ლიდერები უკვე ინფორმირებული არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მნიშვნელოვანია ასევე, იცოდნენ თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო სამხედრო ალიანსთან თანამშრომლობის და ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიღწევის კუთხით. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი მაღალი ინტერესია ჩვენი ქვეყნის მიმართ. ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია და ნაადრევი დასკვნები კეთდება. ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს რეალურად როგორ ვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში - როგორ მიმდინარეობს რეფორმა იუსტიციის სისტემაში, ქართული არმიის ტრანსფორმაცია, ზოგადად მედიის კუთხით მიმდინარე პროცესები და ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ 1 ოქტომბერს მოიპოვა.“
თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას და საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „მნიშვნელოვანია
პარლამენტის მიერ მომზადებული მიმართვა, რომელსაც პარტიების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, რომ ჩვენი ერთადერთი გზა არის სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გვქონდა საუბარი ჩვენს კონტრიბუციაზე ავღანეთში. ეს ის კონკრეტული ნაბიჯებია, რასაც ახალი ქართული მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ახორციელებს.“
მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრები ბრიუსელში მარშალის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. სამი დღის განმავლობაში, ფორუმის მონაწილეები გლობალური და ატლანტიკური სივრცის გამოწვევებს არაფორმალურ გარემოში განიხილავენ.