საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები დღეს აფხაზეთის ომის ვეტერანებმა გაიხსენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
1993 წლის 16-17 მარტს, სოხუმზე შემოტევის მოგერიებისას დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანესთან“. დეკანოზმა დავით ლონდარიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღესვე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა გმირობის ისტორიები გაიხსენეს. ცენტრში მიწვეული სტუმრებისთვის აფხაზეთის ომის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიებას ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
993 წლის 16–17 მარტს ქართულმა არმიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია რუსული არმიის, კაზაკების, ჩრდილო-კავკასიელი დაქირავებული ბოევიკების მიერ სოხუმზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევას. 1993 წელს მდინარე გუმისთასთან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შემოტევა წარმატებით მოიგერიეს.