კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„ეს შეთანხმება თავისთავად ყველასათვის არის გზამკვლევი რუკა, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დემოკრატიული რეფორმებისთვის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებისთვის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გაზიარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ მუშაობის მეთოდები შეიცვლება პარლამენტში და მეტ ერთობლივ ძალას მისცემს სხვადასხვა პარტიებსა და პარლამენტის წევრებს მომავალში. ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, იგი წარმოადგენს გზამკვლევ რუკას დემოკრატიული რეფორმებისთვის და ცხადია, მე ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. რადგან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ოფიციალური ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.