ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაშია აღნიშნული.
„ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში უნდა ემყარებოდეს მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტს: მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს; კანონმდებლობის მიღებას ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ; და პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ ამგვარი კანონმდებლობა სრულყოფილად განხორციელდეს. კონსულტაციისა და ამგვარი ცვლილებების მომზადების ღია და გამჭვირვალე პროცესი ზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლობისა და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
ვენეციის კომისია და ODIHR აცნობიერებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებული პროექტი მომზადებულია მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მჭიდრო თანამშრომლობით. ას განსაკუთრებით საგულისხმოა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველა არჩეული ოპოზიციური პარტიის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის ფონზე და იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ მონაწილეობდა ცვლილებების თავდაპირველი პროექტის მომზადებაში, რომელიც განხილულია 2021 წლის 30 აპრილის პირველ ერთობლივ დასკვნაში.
2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში დაბრუნება და შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის გადასინჯვა ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აშკარად მისასალმებელია - თუმცა ყველა არჩეულ ოპოზიციურ პარტიას ჯერჯერობით შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია და საპარლამენტო მანდატები არ მიუღია,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისია და ოდირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას.
„ეს საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, და განსაკუთრებით მისი ფუნდამენტური ელემენტები, მომდევნო არჩევნებამდე რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე უნდა შეიცვალოს. იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგი ადგილობრივი არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, მიმდინარე რეფორმის დრო იდეალური არ არის. ამასთან, ის მისაღებია იმ რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული საკმაოდ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობას საერთაშორისო სტანდარტებსა და წინა რეკომენდაციებთან აახლოებს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნის თანახმად, საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმართული მცდელობების შერყევის საფრთხეს ქმნის. ამიტომ საჭიროა საარჩევნო კანონის უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა და ყველა რეკომენდაციისა გათვალისწინება, „რათა თავიდან იქნას აცილებული ხშირი ცვლილებები და მიღწეულ იქნას სტაბილურობა“.
„ამ პერსპექტივაში, სასურველია, რომ ნებისმიერი მომავალი რეფორმა არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მიკრომენეჯმენტით და უფრო გლობალური მიდგომა იქნას გამოყენებული. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიასა და ODIHR– ს კიდევ ერთხელ სურთ ხაზგასმით აღნიშნონ, რომ პროცესის მართვა მხოლოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგის გზით შეიძლება განხორციელდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წლის 21 მაისს გაგზავნილი წერილით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ვენეციის კომისიისგან მოითხოვა სასწრაფო დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით.