სენატორი ჯინ შაჰინი: სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატოს წევრობა უკრაინისა და საქართველოსთვის, ან, სულ მცირე, გაწევრიანების მკაფიო გზა შევთავაზოთ მათ

სენატორი ჯინ შაჰინი: სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატოს წევრობა უკრაინისა და საქართველოსთვის, ან, სულ მცირე, გაწევრიანების მკაფიო გზა შევთავაზოთ მათ

ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატოს წევრობა უკრაინისა და საქართველოსთვის, ან, სულ მცირე, გაწევრიანების მკაფიო გზა შევთავაზოთ მათ, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სტატიაში სათაურით „განგაშის ზარი დასავლეთისთვის: როდესაც ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ნუ უგულებელყოფთ ბელარუსს“.

„საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანება სურთ, რაც დამანგრეველი იქნება პუტინის გეგმებისთვის. დაარსების დღიდან, ნატო ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სუვერენულ გადაწყვეტილებას მიიღებენ გაწევრიანების თაობაზე. საჭიროა რეფორმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ალიანსმა ძლიერი მოკავშირეები მიიღოს, თუმცა უმოქმედობა პუტინს გამარჯვებას მოუტანს“, - აღნიშნავს სენატორი.

სენატორი ჯინ შაჰინი ასევე აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შელახვის პირველი მცდელობა რუსეთმა საქართველოში განახორციელა.

„საქართველოში ვიზიტისას „ადმინისტრაციული სასხაზღვრო ხაზი“ დავინახე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%-ს განსაზღვრავს. რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები და ხელს უშლიან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას ხაზის გასწვრივ, რაც დაბრკოლებას უქმნის აუცილებელ მომსახურებებზე წვდომას“, - აღნიშნულია სტატიაში.

ჯინ შაჰინის თქმით, რუსები ასევე უშლიან ხელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და დეზინფორმაციულ კამპანიებს ატარებენ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის შელახვას ისე, როგორც ეს ამერიკელებმა არჩევნების შემდეგ იხილეს.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური ჩართულობა რეგიონში. უკრაინასა და საქართველოსთან ბიზნესისა და საინვესტიციო კავშირების განვითარება სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, - წერს სენატორი.