ნატოს სამიტის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება

ნატოს სამიტის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, რომლის განუყოფელი ნაწილი წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება, - ნათქვამია ნატოს სამიტის დეკლარაციაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება მისი დამსახურებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარეშე ჩარევისგან. როგორც გაღრმავებული შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან ფართო სპექტრის საკითხებში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც ცხადყოფს მის ერთგულებასა და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ალიანსის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მზად არიან, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოიყენონ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

„ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომელიც საქართველომ განახორციელა და რომელიც დაეხმარა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ალიანსთან ურთიერთქმედებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს განახლებული არსებითი ნატო-საქართველოს პაკეტის განსახორციელებლად. ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გამყარების, ტრენინგებისა და წვრთნების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, - აღნიშნულია დცეკლარაციაში.

ნატოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე -10 მუხლის შესაბამისად.