ვიქტორ დოლიძე: შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ პარტნიორებისთვის, რასაც ძალიან აფასებენ

ვიქტორ დოლიძე: შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ პარტნიორებისთვის, რასაც ძალიან აფასებენ

ნატოს სამიტის კომუნიკე რამდენიმე საათში გასაჯაროვდება და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება. ეს იქნება უკეთესი კომუნიკე, ვიდრე აქამდე, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამის საფუძველს გვაძლევს ჩვენი კონსულტაციები ნატოს საერთაშორისო სამსახურთან, იენს სტოლტენბერგის სამდივნოსთან. ჩვენს პარტნიორებთან რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ როგორც ელჩების, ასევე ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. ჩვენ პულსზე გვიჭირავს ხელი და რა თქმა უნდა, დოკუმენტის ნახვა არ შეიძლება და ამის უფლება არ გვაქვს, ძირითად გზავნილებს მაინც ვიგებთ ხოლმე. საკმაოდ კარგი ინფორმაცია მოვიპოვეთ იმ გზავნილებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი. რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ომის საფრთხეები არსებობს და კომუნიკეშიც ალბათ ჩაიწერება, რომ ალიანსი და მოკავშირეები ამაში დაგვეხმარებიან. ამავე დროს, იქნება გზავნილები ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის კონცეპტუალური და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. აქ ჩაიწერება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, გაკეთდება კონცენტრაცია ძირითადად ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასა და მის ურყევობაზე, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ჩვენ შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ პარტნიორებისთვის, რასაც ძალიან აფასებენ. ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობა უნდა გავაღრმავეთ იმ დონემდე, რომ ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს, ვთანამშრომლობთ ოპერაციების დირექტორატთან, ნატოს დაზვერვის სამსახურთან, რომელიც დიდ როლს თამაშობს შავი ზღვის რეგიონში ინფორმაციის მოპოვებასა და საფრთხეების პრევენციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, 2020 წელს საქართველომ ნატოსთან არსებითი პაკეტიც განაახლა, სადაც სამი ახალი კომპონენტია. „ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან“, - აღნიშნა დოლიძემ.