საპატრიაქროს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა, მოწვეული იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხება ბავშვთა უფლებები, UNICEF-ი, ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა ხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად, პრინციპზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული, - ამის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის საპატრიარქოში გამართული დიალოგი და დისკუსია.
„მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემის, ნებისმიერი გადაცდომის, რომელიც შესაძლოა, შეგვხვდეს, მათ შორის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლეებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინეტრესი არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინეტერესებით. დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რასაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.