ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარებისთვის საუკეთესო პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„დღეს კარგი შეხვედრა გვქონდა პატრიარქთან და ოფიციალურ პირებთან. მას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ. ვისაუბრეთ ნინოწმინდაში შექმნილ სიტუაციაზე და იმაზე, რომ ამ ბავშვებისთვის, საუკეთესო პირობები უნდა იყოს შექმნილი - მათ ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოთ. დავსახეთ პრიორიტეტები და ვფიქრობთ, ეს კარგი დასაწყისია სიტუაციის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.