„ისწავლე საუკეთესოსგან“ - მედიასკოლის ონლაინმასტერკლასს 190 ათასამდე მაყურებელი ჰყავს

„ისწავლე საუკეთესოსგან“ - მედიასკოლის ონლაინმასტერკლასს 190 ათასამდე მაყურებელი ჰყავს

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 2020 წელს კოვიდპანდემიის გამოწვევას წარმატებით უპასუხა. მედიასკოლამ 2020 წელს ქართულ მედიასივრცეში პირველი  ექსკლუზიური პროექტი − ონლაინმასტერკლასი დაიწყო, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უფასოდ მიიღონ ცოდნა და ისწავლონ ყველაფერი, რაც პროფესიულ ჟურნალისტს სჭირდება. „ისწავლე საუკეთესოსგან“ - ეს არის პროექტი, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და, ზოგადად, მედიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, ონლაინ რეჟიმში სთავაზობს  სალექციო კურსს იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება და იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი.

ამბის თხრობა, ინტერვიუს ჩაწერა, კითხვის დასმის ტექნიკა, ფოტოამბის მომზადება, გადასაღებ მოედანსა და სტუდიაში მუშაობა - ეს ის თემებია, რომლებსაც ოთხი ავტორის 30 ლექცია მოიცავს. ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი მაყურებელს თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებენ და ასწავლიან ყველაფერს, რაც პროფესიონალ ჟურნალისტს მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მოსამზადებლად სჭირდება. ონლაინ მასტერკლასი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირმა კულისებში შეიხედოს და წარმატებულ პროფესიონალთაგან მოისმინოს ის, რაც ეთერში არასდროს ჩანს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქციის მოსამზადებლად. 

„მასტერკლასის“ კურსის პირველი ციკლი მოიცავს ოცდაათ 10-12 წუთიან ვიდეო ლექციას, რომლებიც განთავსებულია მედიააკადემიის YouTube-ის არხზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია  − სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს. 

ონლაინმასტერკლასი, აქტუალურობას არც დღეს კარგავს. პირიქით, პროექტის მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება.  ჩაშვების დღიდან დღემდე ონლაინ ლექციებს 200 ათასამდე ადამიანი გაეცნო. 

ონლაინმასტერკლასის პარალელურად, მედიააკადემიის მედიასკოლა უკვე მეორე წელია, მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ წინსვლასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იცვლება მომხმარებლის ქცევა და სულ უფრო აქტუალური ხდება მულტიმედიური პროდუქტები, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მედიის წარმომადგენლებმა მუდმივად გაიღრმავონ ცოდნა და ფეხი აუწყონ ახალ ტენდენციებს.

პანდემიის აქტიურ ფაზაში შესვლამდე, 2020 წელს, მედიასკოლამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სერტიფიცირებული სემინარის ჩატარება მოახერხა.  “ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში”, „ფოტოჟურნალისტიკა“, „მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ეს ის თემებია, რომელზეც მედიასკოლამ ქართველ და უცხოელ ტრენერებთან ერთად მედიის 40-მდე წარმომადგენელი გადაამზადა. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ამბის თხრობის მეთოდებს ციფრულ ეპოქაში, ამბის გადმოცემის გზების ურთიერთმიმართებას ტრადიციულ ჟურნალისტიკასა და ახალ - მულტიმედიურ შესაძლებლობებს შორის. მედიის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თანამედროვე გამოწვევებსა და როლის შესახებ, ისინი ასევე გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას განათლების, მედიისა და მედიაწიგნიერების სფეროებში.